2025 წლის 29 აპრილს, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ქალაქ საჩხერის ფილიალში გაიმართა პროექტის „თანატოლთა განათლება — პროფესიულ განათლებაში არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის“ დასკვნითი ღონისძიება.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის დამფუძნებელმა, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორმა სოფიო მაჭარაშვილმა. მის გამოსვლაში ხაზგასმით აღინიშნა არაფორმალური, ექსტრაკურიკულური აქტივობების მნიშვნელობა სტუდენტების და მოსწავლეების კომუნიკაციის, თვითგამოხატვისა და ლიდერობის უნარების განვითარების პროცესში. აღნიშნული გამოცდილება პროფესიულ განათლებასთან ერთად ქმნის მრავალმხრივ და მდიდარ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ამრავალფეროვნებს სტუდენტურ ცხოვრებას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ბრეინ-რინგი“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტის მონაწილე სტუდენტები, მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. მათ მიერ წარმოჩენილმა გუნდურმა მუშაობამ და კრიტიკულმა აზროვნებამ ნათლად წარმოაჩინა პროექტის პრაქტიკული ღირებულება.
ინტელექტუალურ, ჟურნალისტურ და ლიტერატურულ კონკურსებში გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატებთან ერთად ბრენდირებული ფლეშმეხსიერების ბარათები. პროექტის ოფიციალური გადაცემა სტუდენტური თვითმმართველობისთვის მომავლის ინიციატივების განვითარების და ახალგაზრდული ლიდერობის ხელშეწყობისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი იყო.
ღონისძიების შემაჯამებელ ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ პროექტში ჩართული პერსონალი და მოწვეული სტუმრები. პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ქეთევან მდინარაძემ, მადლიერება გამოხატა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
პროექტის ფარგლებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც აკადემიის საჩხერის ფილიალის სტუდენტები, ასევე ქალაქ საჩხერის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. პროექტის ტრენერებს, პერსონალს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცათ მადლობის სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიება დასრულდა მეგობრულ გარემოში გამართული ალა-ფურშეტით.