2025 წლის 29 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის და სსიპ ქალქ თბილისის N32 საჯარო სკოლის ერთობლივი დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო პროფესიულ სტუდენტებში და მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, მდგრადი განვითარების იდეების გავრცელება და აქტიური სამოქალაქო ჩართულობის წახალისება.
ღონისძიება გახსნა აკადემიის რექტორმა და დამფუძნებელმა სოფიო მაჭარაშვილმა – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა , რომელმაც ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა, რომ კოლეჯებს შორის პირველმა ეკო კლუბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ 2022 წელს დააფუძნა.
პრეზენტაციით წარდგა ბიოლოგიურ მეცნიერეთა დოქტორი, ეკოკლუბის წარმომადგენელი-მირანდა მუმლაძე, რომელმაც ისაუბრა ეკოკლუბის საქმიანობასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე.
განსაკუთრებული მომენტი იყო სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ წარმოთქმული მოკლე სიტყვები დედამიწის შესახებ, სადაც მათ თავიანთი თვალით დანახული გარემოს დაცვის საჭიროება წარმოაჩინეს.
ვებტექნოლოგიების ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა – დავით ჭეიშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა და მიხეილ მუმლაძემ – წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, რომლებიც დაეთმო ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების გზებს და ტექნოლოგიების როლს მდგრად განვითარებაში.
ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა საგანმანათლებლო აქტივობებს და თემატურ სადგურებს:
ბიოლოგიური სადგური: ბიომებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ ვიქტორინა, ეკოსისტემების მაკეტების ჩვენება და ჯგუფური მუშაობა დედამიწის გამოსახულებაზე.
გეოგრაფიული სადგური: დისკუსია კლიმატის ცვლილებების შედეგებზე საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
ნარჩენების მართვის სადგური: ვიზუალური და საუბრით გადმოცემული გზავნილები ნარჩენების სწორად მართვის აუცილებლობაზე.
დასასრულს, მონაწილეებმა თავიანთი სურვილები გააზიარეს სურვილების ხეზე, რასაც მოჰყვა საზეიმო ტორტის გაჭრა და ჯგუფური ფოტო დედამიწის დღის პოსტერთან.
ეს დღე გახდა შთაგონების წყარო, კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი პასუხისმგებლობა პლანეტის წინაშე და გაუსვა ხაზი ერთიანობის ძალას გარემოს დაცვის საქმეში.